სოფლებში ახალციხის მერის წარმომადგენლები, პირის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებში მოცემული ტერიტორიის იდენტურობის დამადასტურებელ ცნობას ვეღარ გასცემენ. ამისი უფლება მათ შეეზღუდათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერის წარმომადგენლების უფლებები კანონის შესაბამისად შეეზღუდათ. ამიერიდან, ისინი მიწის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებულ ცნობას აღარ გასცემენ. ეს საკითხი, 27 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მას მხარი 25 დეპუტატიდან 24-მა დაუჭირა.
„კანონთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ ეს საკითხიც, მერის წამომადგენლები აქამდე გასცემდნენ მიწის საკუთრებსა და წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობას, ადასტურებდნენ, რომ პირი ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს. რადგან ისინი საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან, ეს საკითხი გადაეცა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. ისინი გაუწევენ კოორდინირებას, თუმცა რა თქმა უნდა, წარმომადგენლების ჩართულობაც იქნება“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
მიუხედავად ამისა, წარმომადგენლები ჩართულები რჩებიან მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ პროცედურაში: „წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული, შესაბამისად, ცნობაში, რომელსაც მუნციპალიტეტი გასცემს, არის მოწმეების ადგილი, იქ დაადასტურებს სოფლის წარმომადგენელი თავისი ხელმოწერით, რომ ნამდვილად არის ეს მიწის ნაკვეთი კერძო პიროვნების საკუთრებაში, ფლობდა და ფლობს“, – აცხადებს ნოზაძე.
ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შევიდა. რომლის მიხედვითაც, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში „ი“ ქვეპუნქტი ამოიღეს. იგი ითვალისწინებდა: „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას“.