სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი წელიწად-ნახევარია მზად არის, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭირო თანხა ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობის შეფერხება ახალციხის მერიის მიერ შენობის პროექტში თვითნებურად შეტანილმა შესწორებამ გამოიწვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მას შემდეგ, რაც 26 მაისს ახალციხეში 9 მოზარდი ძაღლმა დაკბინა, ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი საზოგადოებაში კვლავ აქტიური გახდა. პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობა უნდა მოეწყოს, 2018 წლისთვის მზად იყო, თუმცა ამ დრომდე მისი მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან დონორი ვერ მოიძებნა.
დასრულებული პროექტის მიხედვით მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა შეასრულოს, თუმცა როდის დაფინანსდება მშენებლობა, არავინ იცის: „პროექტირება დასრულებულია. რაც შეეხება მშენებლობას, დონორთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ დაფინანსდეს. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომელ დონორთან მიმდინარეობს, რადგან არ ვიცით დააფინანსებს თუ არა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ თავშესაფრის მშენებლობის შეფერხება, ახალციხის მერიის მიერ პროექტში შეტანილმა თვითნებურმა ცვლილებებმა გამოიწვია. მათ ვოლიერების რაოდენობა გაზარდეს, რის შედეგადაც მშენებლობის ხარჯი გაიზარდა: „სამწუხაროდ, ჩვენმა ქალაქის მერმა ნაჩუქარი პროექტი შეცვალა, 100 ვოლიერი გაზარდა 300-მდე, აქ საქმის კურსში ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალურ თავშესაფრებს ვინც კურირებს, ის ორგანიზაცია, საქმის კურსშია პრემიერ-მინისტრიც. მივიღეთ შედეგი, რომ გვყავას 9-15 დაკბენილი ბავშვი. მაინტერესებს, რა პასუხს აძლევს მერი იმ ბავშვების მშობლებს?! 300 ვოილერამდე გაზარდა, რომლის ინვესტიციასაც შეიძლება 20 წელი ელოდო, იმიტომ, რომ თანხაც გაიზარდა, როცა თბილისს, ამხელა ქალაქს აქვს 100 ვოილერიანი თავშესაფარი“, – იკითხა საკრებულოს სხოდმაზე თამარ გოგოლაძემ.
მას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ პროექტი ინტერმუნიციპალურია და გადაწყვეტილებას მხოლოდ ახალციხის მერი არ იღებს:
„ცხოველთა თავშესაფარი შენდება რეგიონალური, ეს ყველა მერის ერთობლივი ხელშეკრულებაა“, – განმარტა გელა ნოზაძემ.
თავშესაფრის მშენებლობის შეფერხებასთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭესთან“ 2019 წლის ოქტომბერში ისაუბრა თავად პროექტის ერთ-ერთმა ავტორმაც.
ლაშა გეგეჭკორიც მიიჩნევს, რომ თავშესაფრის პროექტისთვის ტენდერის გამოცხადება იმის გამო გვიანდება, რომ თვითმმართველობამ პროექტში ცვლილებები დამოუკიდებლად შეიტანა.
ამავე პერიოდში თავშესაფარში ვოლიერების გაზრდის შესახებ განმარტება გააკეთეს სამცხე-ჯაავხეთის სამხარეო ადმინისტრაციაში: „ინდივიდუალური ვოლიერები გავაკეთეთ ძაღლებისთვის. თავიდან ისე იყო გათვალისწინებული, რომ პროცედურის ჩატარების შემდეგ ორ-ორი ძაღლი იქნებოდა ერთ ვოლიერში. ახლა ცალ-ცალკე ვოლიერი იქნება და უფრო კომფორტული იქნება“, განმარტა მაშინ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის პროექტია. იგი 300 ცხოველზეა გათვლილი.
მშენებლობა 3 მილიონ 600 000 ლარი ჯდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და აღჭურვას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა. ესაა:-წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება;
-დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება;
-თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება;
-გადაადგილების თავისუფლება, შიშისა და დასტრესისგან თავისუფლება.
თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.