ვანის არქეოლოგიური კომპლექსი დამთვალიერებლების მიღებას სავარაუდოდ ივლისიდან შეძლებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
ახალ, ოთხსართულიან, შენობაში ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის მერე პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და სრულად აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. ასევე დასრულდა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და მასში სწორედ ამ დროიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა ინახება. მის ოქროს ფონდშია ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.).