ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

592

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

ზუგდიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრება დღეს დილიდან ათობით ადამიანმა შეძლო. აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება კი ჯერ კიდევ აკრძალულია.

გადამსვლელ მოქალაქეებს, დეფაქტო რესპუბლიკის გამშვებ პუნქტამდე თერმოსკრინინგი და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უტარდებათ. მგზავრების თქმით, რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მათივე თქმით, არ ჰქონიათ ჯანმრთელობის ცნობა და ე.წ. აფხაზური პასპორტის და ბინადრობის მოწმობით მოახერხეს ე.წ. საზღვრის კვეთა.

პანდემიის მიზეზით, დეფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი, 14 მარტს ჩაკეტა. მიუხედავად გადაადგილების აკრძალვისა, სასწრაფო სამედიცინო მანქანებმა არაერთი მოქალაქე გადმოიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ. მათ შორის იყო კოვიდინფიცირებული 50 წლამდე ქალი, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტმა მკურნალობის სრული კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა და სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 732 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 537 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.