სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარე მეცხოველეობის ბაზარმა მუშაობა დაიწყო. ბაზარი 24 მაისს, კვირას გაიხსნა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩატარდა სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები. დამატებითი რეკომენდაციებიც აქვთ, რომლებსაც ეტაპობრივად შეასრულებენ“,- გვითხრეს სეს-ში.
ბაზრის გახსნამდე, 12 დრით ადრე, სავაჭრო ობიექტზე არსებული მდგომარეობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჩეკურაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეისწავლეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.