ცხინვალის დეფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს აუქმებს

623

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 25 მაისიდან იხსნება კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული ობიექტები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და სანატორიუმები. მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ინფორმაციას “რესი” ავრცელებს. 

დეფაქტო მთავრობა შეზღუდვების გაუქმებას იმით ხსნის, რომ რეგიონში ამ დრომდე ინფიცირებულ 37-ივე პირს კორონავირუსი კარანტინში ყოფნისას დაუდგინდა. ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

დეფაქტო ხელისუფლრების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19 37 ადამიანს აქვს დადასტურებული. “რესის” ცნობით, რეგიონში 30 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც არიან. კარანტინში 149 ადამიანია, კორონავირუსზე ტესტი, მედიის ინფორმაციით, 1 200-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.