ზუგდიდის საკრებულოს წევრი: პოლიციაში ბრალის წარსადგენად დამიბარეს

1222

შემდეგი სტატია

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია აცხადებს, რომ ის პოლიციის სამმართველოში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს წევრი თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ. ამ დროს კი, როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება. არადა, ბათლომე შელია ამბობს, რომ სწორედ მას უნდა წარუდგინონ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რდგან ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით.

“რეალურად სახლში, კარანტინის რეჟიმში ვიყავი. დამირეკეს, დაგვსდევსო როსტო. იქ მოხდა კონფლიქტი. ჩხუბსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ პასუხი მოვთხოვე, ნუ დასდევ ბავშვებს-თქო. ამის ნიადაგზე მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მივეცი. მანამდე ვიცი და თვითონაც აღიარა, ხელჯოხით დავსდევდიო ბავშვებს. მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მოძალადედ გამომიყვანა ჯერ ამან თავის განცხადებებში, და ხვალ, სავარაუდოდ, არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ბრალის წაყენებას რომ აპირებენ, იქ უკვე ნათელია ყველაფერი”, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

დეპუტატის თქმით, ინციდენტისას ხელით შეხება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ თავად არ აძლევდა სამოქალაქო აქტივისტს გადმოსვლის საშუალებას, რადგან მანქანაში ნაჯახი და კიდევ სხვა საგანი შენიშნა – მარტო ეს ეპიზოდი იყო. ამ გადმოსვლის პროცესში ხელი სად, როგორ და რანაირად მოიქნია, ან ფეხი, ეს ისეთი თემაა.. მეც ვიგრძენი, მისი ფეხი რომ მომხვდა, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ბათლომე შელიას თქმით, მის ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, ამყარებს შემდეგი გარემოებაც – როსტომ ზარანდიას აქვს საბუთი, რაც თითქოს ამტკიცებს, რომ დაპირისპირების დროს მან ტვინის შერყევა მიიღო. დეპუტატის განმარტებით, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ საქმე “ხელისუფლებასთან გარიგებულად გაკეთდა. იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გავლენა ჰქონდა და შეეძლო მიეცა ეს დოკუმენტი”.

დეპუტატის ბრალდებებს უარყოფს სამოქალაქო აქტივისტი. როსტომ ზარანდიას თქმით, დაპირისპირებისას დაზიანებები ნამდვილად მიიღო, რისი ამსახველი ფოტომასალაც არსებობს, დღეს კი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სპეკულირებას ცდილობს და განგებ “პოლიტ დევნილის მანტიის მოსხმას”.

“ლოგიკა სად არის? თავი მე გამიხეთქეს. ექიმისთვის ვის უნდა დაერეკა? თვითონ აწყობს, რომ ვითომ პოლიტ დევნილების სიაში აღმოჩნდეს, თორემ მე რა კავშირი მაქვს კავშირი მაქვს ხელისუფლებასთან? ხელისუფლებისთვის მისაღები პერსონა ვარ, მათთან შეკრული?

რა გამოდის, ექიმებს სდებს ბრალს, რომ ყალბი ცნობა გასცეს? საკრებულოს დეპუტატი ამას ამბობს? დაამტკიცოს მაშინ. ანუ არაფრის გამო ვიწექი?”, – განაცხადა როსტომ ზარანდიამ.

მისივე თქმით, ბათლომე შელია რომაა მოძალადე, ამას კამერების ჩანაწერებიც მოწმობს, სადაც კარგად ჩანს, სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, რომ აგინებენ, თავად კი იღიმის. თუმცა, ამ კადრების გასაჯაროვება, რომელსაც დეპუტატის თანმხლები გოგონები იღებდნენ, განმარტა – ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მარტივი არ იქნება.

როსტომ ზარანდიას განცხადებით, ის პოლიციაში კი არ წავიდა ინციდენტის შემდეგ, არამედ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მიზნით. თუმცა იქ მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს. საჯარო პოსტის დაწერა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “გაუვრცელეს”, რომ სიცრუეს ტირაჟირებდა. ეს პოსტიც, განმარტა, რომ ერთადერთი მიზნით დაწერა – დაპირისპირებაზე საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონოდა.

ბათლომე შელია კი პოლიციის სამმართველოში გუშინ 13:30-ზე დაიბარეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სამოქალაქო აქტივისტი მოხალისე დათო ღურწკაიას გამიზნულად დასდევდა, თავად კი მხოლოდ ახალგაზრდას იცავდა.

საპირისპიროს ირწმუნება როსტომ ზარანდია, რომ საკრებულოს წევრმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.