ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს და კიდევ ერთ პირს, ძალადობის მუხლით, ბრალი წარუდგინეს

552

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ძალადობაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დათო ღურწკაიამ სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა.

პროკურატურისვე ცნობით, იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, ამ ორ პირს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბათლომე შელიამ როსტომ ზარანდიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც სამოქალაქო აქტივისტმ ასევე თავის არეში მიიღო დაზიანება.

“სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით”, – ნათქვამია საგამოძიებო ორგანიზაციის განცხადებაში.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაგეგმა როსტომ ზარანდიამ, რათა “პრესის ქვეშ” ჰყავდეს ოპოზიციონერი წინასაარჩევნოდ. ბათლომე შელიას თქმით, მას იმაში სდებენ ბრალს, რომ როსტომ ზარანდიას ძალადობისგან წითელი ჯვრის მოხალისე დაეცვა და მას “გადაეფარა”.

თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი დეპუტატს სდებს ბრალს პოლიტიკურ სპეკულაციაში და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საკრებულოს წევრს სურს “ჩაგრულის მანტია მოისხას”.

48 საათის განმავლობაში, სასამართლო ორივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.