მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა

1341

მარნეულში წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) სრულიად ახალი, თანამედროვე სისტემები შენდება. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემები შენდება. ასევე, აშენდება მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

მათივე ცნობით, სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა და შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვით გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების – წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით კი ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. ხოლო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანდ შემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის – აზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.