რუისში ელექტროგასამართი სადგურის მშენებლობისთვის სპორტული მოედნის გასხვისება ისევ იგეგმება

672

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ მიწის ნაკვეთის გასხვისების გეგმას იხილავდნენ, რომელიც რუისში მდებარეობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სპორტული მოედნის მოსაწყობად სჭირდებათ. ამის გამო, საინიციატივო ჯგუფის წევრები კომისიის სხდომას დაესწრნენ და მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები: ვლადიმერ ბუზიაშვილი, გელა გასიტაშვილი და რომან კაკაშვილი აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ უნდა გაიყიდოს და გაკეთდეს სპორტული მოედანი.

ქარელის მერიის ინიციატივით, მიწის ნაკვეთი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, შემდეგ კი, აუქციონის წესით გაიყიდება. მანამდე ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სასამართლომ იმსჯელა.

მიწის ნაკვეთზე დავა ჯერ კიდევ 2019 წლის 21 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქარელის მერიამ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვლადიმერ ბუზიაშვილმა გასაჩივრა. 9 მარტს სასამართლომ ბათილად სცნო აღნიშნული გადაწყვეტილება. ამჯერად, მერია ამ მიწის ნაკვეთის გასხვივებას სხვა ფორმით ცდილობს.

ქარელის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ინგა ეკალაძემ განაცხადა, რომ კომპანია “ბიგ სერვისმა” მიწია იმ პირობით იყიდა, რომ 3 წლის განმავლობაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.