ვანის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

33

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი სჭირდებოდა იმ არქეოლოგიურ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია ვანს.

„ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვლი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს.“- განაცხდა ვიცეპრემიერმა.

სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.

“ახალ, ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და ასევე სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც დაასრულა. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.