ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა ატენში მიმდინარე პროექტის სამუშაოები დაათვალიერეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 1.2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკების და პარკირების მოწყობას, ასევე ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსებას ითვალისწინებს.
“ამ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის, მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე მიმართულებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ატენის მიმართულებით. გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რამდენიმე დღეში ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც დაიწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე ვიზიტორების გადააადგილებას”, – განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.