ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

979

ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობაში გათვალისწინებულია როგორც შიდა ინტერიერის განახლების, ასევე გარე ფასადის სამუშაოები.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობის იერსახე მთლიანად შეიცვლება და ის თანამედროვე სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით მოეწყობა.

„ამჟამად დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოები. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ფასადის ფილებით, მოპირკეთება და თოჯინების თეატრის შიდა სარემონტი, რომელიც წლებია სავალალო მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა. შენობაში შეიცვლება ასევე ინვენტარი“, – აღნიშნა გამგებელმა.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ფუნქციონირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, თანამედროვე ცეკვების სტუდია, სახალხო ანსამბლი, ყოველკვირეულად კულტურის სახლის დარბაზში იმართება ღონისძიებები. აქტიურია, თოჯინების თეატრის დასიც, რომელიც პრემიერებით ანებივრებს პატარა მაყურებელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ლამაზ და ესთეტიურ გარემოში მოუწევთ მეცადინეობა, მაყურებელს კი განახლებული და თანამედროვე კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი უმასპინძლებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებისათის 248 269 ლარი გაიხარჯება და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს მოხდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი