დეფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირება კიდევ 5 პირს დაუდასტურდა და საერთო რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 279 პირი იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამოვლენის შემთხვევებს შორის 4 რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.
დეფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება მიიღოს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ. საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამედიცინო აღჭურვილობით რუსი მეცენატები ამარაგებენ.
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის პირველი შემთხვევები 6 მაისს გამოვლინდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.