თურნავა: ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

571

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მისივე თქმით, ამ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს.

„ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას. პირველი პროექტი, პირველი „დრაფტი“ ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას ინდუსტრიასთან ერთად ვხვეწავთ. ჩვენ მზად გვაქვს პირველი პროექტი ამ წესებსა და გაიდლაინებზე, როგორც ტრანსპორტზე, ისე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა სურთ იმისთვის, რომ თავიანთ ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და შევჯერდეთ. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. გარკვეული დრო უნდა მივცეთ ინდუსტრიას, რომ მოემზადოს, მაგრამ არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს, რადგან ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.