საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების საფუძველი. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე”, – ამბობს თალაკვაძე.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის ჯერ კიდევ ძალაშია. შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი რჩება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.