პაპუაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 45-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც მოლდოვა არის 105-ზე, ხოლო უკრაინა – 125-ზე

473

არსებობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური ოფისის კვლევა, რომელიც შეეხება კორუფციის აღქმას და აქ საქართველო არის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე. 45-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც მოლდოვა არის 105-ზე და უკრაინა 125-ზე, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქრთამის აღების ფაქტები სახელმწიფო სტრუქტურებში 33.33%-ით გაიზარდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„ასე რომ, თავისთავად ეს რიცხვები ტიპური მანიპულაცია იყო. ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან დეზინფორმაციის და მანიპულაციის გამოვლენაზე და ფინანსდებიან მილიონობით სხვადასხვა გრანტის საშუალებით, ამ დროს როდესაც ხდება პირდაპირი შეტევა ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე, სდუმან და ხმას არ იღებენ. ეს არის ტიპური მანიპულაცია, სწორედ აღნიშნეთ, რომ გავიდა სათაურებით, თითქოს ეს არის 33%-იანი მატება. სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ თუ წინა წელს იყო 6 შემთხვევა, ახლა არის 8 შემთხვევა, რაც არაფერია იმასთან შედარებით თუ რამხელაა ჩვენი საჯარო სექტორი, მათ შორის მოხელეები, ამიტომ თავისთავად ეს მანიპულაცია მნიშვნელოვანია, რომ მალე გამოვლინდა“, – აცხადებს პაპუაშვილი.