დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირება 25 პირს დაუდასტურდა. მათი მტკიცებით, ბოლო 24 საათში 24 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, რომელთაგანაც 2-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
დეფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ. საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამედიცინო აღჭურვილობით რუსი მეცენატები ამარაგებენ.
BBC-სთან საუბრისას ექიმმა ოკუპირებული ცხინვალიდან განაცხადა, რომ მთელ რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის. მისი თქმით, მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.