ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე სამი კორპუსის მცხოვრებთა შექმნილ ,,ამხანაგობის” ინიციატივას გორის მერიამ მხარი დაუჭირა.
43-ე; 51-ე და 53-ე კორპუსების სადარბაზოებს და სახურავებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, გაარემონტებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ,,ამხანაგობების” წარდგენილ პროექტს 90%-ით დააფინანსებს.
,,მას შემდეგ, რაც ჩვენი ინიციატივით თანადაფინანსების პროგრამა შემოვიღეთ, ქალაქში ძალიან ბევრ დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ეს ეხება როგორც სადარბაზოებს და სახურავებს, ასევე, ეზოს მოპირკეთების და მოასფალტების საკითხებს” – აღნიშნავს ზურაბ ჯირკველიშვილი.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მილიონ ნახევარი ლარი, სწორედ, ,,ამხანაგობების” წარდგენილ პროექტებზე დაიხარჯა. იგი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.