ახალციხეში საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი დაიწყო

463

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაუქმდა ახალციხეშიც. ორივე პუნქტის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, ხვალ დილიდან კი ახალციხეში შესასვლელ – გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება.

საკონტროლო პუნქტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს მოეწყო. ბოლო მონაცემებით შემოწმდა 54 424 მოქალაქე, 29 795 ავტომანქანას კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.