,,სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაზე მიღწეულია შეთანხმება მუნიციპალური განვითარების ფონდთან. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 600 000 ლარია, უკვე გადავაგზავნეთ განსახილველად. თუ ისე მოხდა, რომ წელს მოესწრო პროექტისთვის თანხის გამოყოფა, ტენდერი უკვე მომავალ წელს გამოცხადდება. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობს სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას ,,ფასადიდან ფასადამდე“ – რეაბილიტირდება ქუჩის სავალი ნაწილი, საფეხმავლო სივრცე, სანიაღვრე არხი და მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციები“. – განუცხადა ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საინფორმაციო ტურის დროს ჟურნალისტებსა და ქალაქ გორის საკრებულოს წარმომადგენლებს.
საინფორმაციო ტური ქალაქის მერის ინიციატივით დღეს მოეწყო. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტურის მიზანი ქალაქ გორში მიმდინარე მშენებლობების დათვალიერება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
ტური ჭალაში, ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო მოედნიდან დაიწყო და წმინდაწყალზე, მე-5 სკოლის მიმდებარედ მშენებარე ყველაზე დიდ მინი სპორტულ მოედანთან დასრულდა.
ტურის ფარგლებში საკრებულოს წევრებმა, ჟურნალისტებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მოინახულეს ჩუბინიშვილის ქუჩა, სპორტული მოედანი სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზის მიმდებარედ, ერეკლეს აბანო რუსთაველის ქუჩაზე, სპორტული მოედანი კომბინატის კულტურის ცენტრის მიმდებარედ, ანწუხელიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები – დევნილთა კორპუსები, რეაბილიტირებული ქუჩა, ახალი სკვერი და სტადიონი და თავისუფალი ტერიტორია, რომელიც ამჟამად მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობისათვის განიხილება.
ქალაქ გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, ქალაქ გორში მიმდინარეობს 44 ინფრასტრუქტურული პროექტი საერთო ღირებულებით 6 630 000 ლარი. მათ შორის, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 4 230 000 ლარის ღირებულების პროექტები, ხოლო ადგილობრივიდან – 2 400 000 ლარის ღირებულების. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს 26 400 000 ლარის ღირებულების 10 სპორტული მინიმოედნის მშენებლობას.
მშენებლობების ცალკე ნაწილს წარმოადგენს ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ,,ამხანაგობების თანდაფინანსების პროგრამის „ფარგლებში 80-90%-ით ფინანსდება. აღნიშნული პროგრამით 2017 წელს უკვე განხორციელდა 4 პროექტი (მერიის წილი 10 593 ლარი), მიმდინარეა 13 პროექტი (მერიის წილი 43 000 ლარი) და წარმოებაში მიღებულია 5 პროექტი.
წყარო: ქართლის საინფორმაციო ცენტრი