გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფასის ზრდა დააზღვია ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია.
შეკითხვაზე – რამდენად ეფექტიანია 9 სასურსათო პროდუქტის საკურსო სხვაობის დაზღვევისთვის გამოყოფილი 10 მილიონ ლარიანი სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განაცხადა, რომ ფასის დაფიქსირება სასურსათო პროდუქტებზე ვერ მოხდებოდა.
„არასდროს არ იყო საუბარი, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით, ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. აქ გვქონდა ორი მიზანი, რომ შეგვექმნა ამით დამატებითი მოტივაცია მარაგების შემოსვლისთვის და მეორე მხრივ, ფასების ზრდა არ მომხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფასის დაფიქსირება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ამას ფიზიკურად მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებელი ეფექტი, რამაც შეღავათი მოგვცა. ჩვენი შეფასებით, იმ პროდუქტების კალათა, სადაც გვქონდა ინტერვენცია უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია. სამწუხაროა, რომ ამ თვეების ინფლაციის ჭრილში დიდი წვლილი ჰქონდა სასურსათო პროდუქტებს. ამას ჰქონდა ლოგიკური ახსნა, რომ სავაჭრო შეზღუდვები იყო და ეს უკავშირდებოდა იმპორტულ პროდუქტებს, ასევე სეზონური ფაქტორიც, ესაა პერიოდი, როდესაც ადგილობრივი პროდუქციის მარაგი რეალურად არ არის და ახალი სეზონური პროდუქტი ჯერ არ შემოსულა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგი თვეების განმავლობაში სურსათზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.
„რაც შეეხება პერსპექტივაში როგორ იქნება, ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ, იმ პაკეტშიც ამ პროდუქტების გაზრდის ნაწილი ბევრად ნაკლები იყო. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურას ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ფასის მინიმალური ცვლილება იყო. პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და ამავე დროს ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე , რომ ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, დაიწევს“,-აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო, ფასის ზრდას აზღვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.