მიმდინარე წელს, ქუთაისში თითქმის ყველა სახელოვნებო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა და ა(ა) იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
„აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სასწავლებელიც და ჯამში, 600-ზე მეტი ბავშვი, სრულიად უსასყიდლოდ, ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს. შენობა, რომელიც წლების მანძილზე ათასობით ბავშვს მასპინძლობდა, ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული იყო. ათწლეულების განმავლობაში აქ არანაირი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებულა. ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 37 0000 ლარზე მეტია გამოყოფილი, გარემონტდება როგორც ფასადი, ასევე შეიცვლება შიდა ინფრასტრუქტურაც, განახლდება გათბობის და განათების სისტემებიც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქუთაისის მერიის ცნობით, ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში გააგრძელებენ სახელოვნებო პროფესიების დაუფლებას.
„ასეთი კომპლექსური და მასშტაბური სამუშაოები ქალაქის სახელოვნებო სკოლებში ქუთაისში წლების მანძილზე არ ჩატარებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამივე მუსიკალურ და ხელოვნების სკოლაში. შედეგად, მალე ქალაქში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო სკოლები,“- განაცხდა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.