სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 10 მაისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 64 უკვე გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, რეგიონულ ცენტრებში აგრარული ბაზრები უკვე ფუნქციონირებენ.
“ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს,” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.