პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დიდი იმედი აქვთ, რომ ეკონომიკის ძირითადადი გამწვები ლოკომოტივი აჭარა გახდება. ამის შესახებ მან ბათუმში ტურიზმისა და სასტუმროს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება და რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა იქ მთაც არის, ღვინოს და ბევრი რამე არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს, ისევე, როგორც თბილისს”, — განაცხადა მან.
მთავრობის შემუშავებული ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი უნდა ამუშავდეს, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა მზად უნდა იყოს საერთაშორისო ტურისტების მისაღებად.
პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სასტუმროები საკარანტინო ზონად გადაკეთდა, მათ მიიღეს Covid-19-ის პირობებში მუშაობის გამოდილება, რაც ტურიზმის გახსნას და უსაფრთხო მომსახურებას შეუწყობს ხელს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.