ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

495

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.

„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, – განაცხადა გაგლოევამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.