ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

595

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.

“მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის უფასო წლის ბოლომდე იქნება.

ბაღი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო 23 მარტს დაიხურა.

როგორც ლაივპრესი წერს, მანამდე ბაღის ადმინსიტრაციამ ბაღში ვიზიტის ტარიფები დაადგინა, რომელიც 9 მარტიდან ამოქმედდა.

განახლებული ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.