თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

694

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა, დღეიდან მოხსნილია. დედაქალაქში შესვლა და გასვლა ყველა სახის ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია, თუმცა კვლავ მკაცრად გაკონტროლდება, რომ მსუბუქ ავტომობილში, სამ პირზე მეტი არ მოთავსდეს.

ამასთან, თბილისის შემოსასვლელებში მგზავრებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. საველე ჰოსპიტალში მობილიზებული იქნებიან ექიმებიც. პუნქტებზე მოხდება ტრანსპორტის დეზინფექცია.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარ გადაადგილებას კრძალავს. ამას გარდა, ზუსტად სამ დღეში, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი, მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.