ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ წყორძის ტაძრის ეზოს მოასფალტება პროექტით გათვალისწინებული არ იყო და ეს მშენებელმა მათთან შეთანხმების გარეშე, საკუთარი ინიციატივით გააკეთა.
ზაზა მელიქიძის თქმით, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე, თავად მშენებელმა კომპანიამ, შპს „ასტორიამ“ მიიღო, ტაძრის ეზოს ხელახლა კეთილმოწყობაც მისი ვალდებულებაა და ეს საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთოს: „პროექტით ეკლესიის ირგვლივ მოასფალტება არ გვქონია გათვალისწინებული, ვიცით, რომ ასეთი დეტალები კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს, ამიტომ, კომპანიას საკუთარი სახსრებით მოუწევს ყველაფრის გაკეთება“.
გამგებელი ირწმუნება, რომ თავად მშენებელს შენიშვნა იქამდე მისცა, ვიდრე ამის შესახებ მედიით და სოციალური ქსელით გაჟღერდებოდა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი ჩაერთვებოდა საქმეში: „როდესაც მოასფალტებული ეკლესია ვნახე, ვუთხარი, რომ არასწორი იყო და უნდა მოეშალათ. ვიდრე სოციალურ ქსელში გავრცელდებოდა, მათ მითითება უკვე ჰქონდათ“.
გამგებლის განცხადებით, ამ დროისათვის ეკლესიის ირგვლივ ასფალტის საფარი უკვე მოშლილია. მისივე განმარტებით, მოასფალტებისას ტაძარს ზიანი არ მისდგომია, რადგან მძიმე ტექნიკის ნაცვლად, ასფალტი დასასხმელად ხელით შეიტანეს. თუმცა, გამგებლის განცხადება ძნელი დასაჯერებელია, რადგან მძიმე ტექნიკა ცხადად ჩანს იმ ფოტოზე, რომელიც თავად გამგეობის გვერდმა გაავრცელა და ასევე, ძნელი წარმოსადგენია, ასფალტის მოსწორება ტექნიკის გარეშე.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე