ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მუსიკალური სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ბორჯომის სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
„40 წელზე მეტია აღნიშნულ შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტი იატაკის, კედლების, ჭერის რეკონსტრუქციას, ასევე ფასადის გასუფთავებასა და პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. სამუშაოების შედეგად, კეთილმოეწყობა ყველა ოთახი. სრულად შეიცვლება საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, შესასვლელი და დერეფნები. ამასთანავე, განხორციელდება შენობის შიდა კომუნიკაციების სრული მონტაჟი. პედაგოგებსა და 360 მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდებათ.
რაც შეეხება ბორჯომში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, აღნიშნულ შენობაშიც სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება როგორც შიდა ინტერიერი, ასევე გარე ფასადი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს და 200-მდე ახალგაზრდას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტებზე სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შენობების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.