ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ხვალიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება

704

ჩვენ ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირაა, აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდება.

“ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ჩვენ ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებებისა, დაწესებული იქნება, რომ მაქსიმალურად დაიცვან მათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთოხების ზომები. ამ კუთხით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების გათვალისწინება როგორც შიდაკონკურენციის ნაწილში, იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში, რათა მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტები,” – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილიდან მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის ოთხ სოფელში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.