როგორ დაეხმარება მთავრობა კვების ობიექტებს – ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა

1190

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ კვების ობიექტებს გარკვეული შეღავათები დაუწესა.

რესტორნები და კვების სხვა ობიექტები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს სექტორი ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება და შიდა ტურიზმიც გარკვეულად დატვირთავს ამ ობიექტებს.

როგორც ანიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნეს კვების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე, მათ საშემოსავალო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდება.

ნათია თურნავას თქმით, კვების ობიექტები საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან:

„ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას მათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისა, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და მოემზადონ ამოქმედებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.