ტურისტული სექტორისთვის დახმარება 200 მლნ ლარი იქნება – როგორ ნაწილდება სუბსიდირების პროგრამა

553

ტურიზმის სფეროს დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხდა.

„მთლიანობაში ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოითხოვს 200 მილიონი ლარის ბიუჯეტს, რომელიც არის ამისთვის გამოყოფილი. ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ჯამში ქონებისა და საშემოსავლო გადასახდის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის“, – განაცხადა თურნავამ.

კერძოდ, ეს 200 მილიონი ლარი ასე ნაწილდება:

ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება – 45 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) – 90 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

სასტუმროების სესხების სუბსიდირება – 60 მილიონი ლარი (3000 სასტუმროსთვის);

ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა – 5 მილიონი ლარი.

მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრია 150,000 ადამიანამდე ასაქმებს და ის მშპ-ის 11%-ს ქმნის.

პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.