საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

541

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება.

მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

პრემიერის განმარტებით, ეს არ ეხება მოლებს, არ ეხება ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს.

„მოგეხსენებათ, 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა ეკონომიკის გახსნის, მაშინვე ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგმარებოიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის დაჩქარება, ასევე მისი ნაწილების გადავადება, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხისმგებლიანი ქმედებების და შრომი შემდეგია, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც დავაჩქარეთ მშენებლობის გახნა ერთი კვირით.

ანუ, დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს, ეს არ ეხება ტანსაცმლის და ფეხსაცმლიით მოვაჭრე მაღაზიას. ყველა სხვა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, ორშაბათიდან ამოქმედდეს “, – აღნიშნა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.