გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს

1016

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, რომელზეც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას წარადგენენ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი გვაქვს და, რაც მთავარია, საინტერესოსთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გარდა ამისა, ვისაუბრებთ უკვე შემდგომი ნაბიჯების, ქალაქებში გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ, ტურიზმის მხარდაჭერის, ანტიკრიზისული მხარდაჭერისა და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის განხილვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვმნელოვანი საკითხები.

„ყველას კარგად გვესმის, რომ უკვე სამი-ოთხი თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე, ეკონომიკის წინსვლა, ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების, უსაფრთხოების დაცვით, რომელიც გვექნება უალოესი დღების განმავლობაში ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.