კობახიძე: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება

818

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 1 თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, სრულიად შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სათანადო დროში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე დაასრულონ.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება.

“ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას. დრო ყველაფრისთვის საკმარისია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი. სწორედ მოვლენების განვითარებით განისაზღვრება ქვეყანაში გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა.

„გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვექნება 22 მაისისთვის. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ესწრება. თუ ვადის გაგრძელება გახდა საჭირო, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩევენო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.