ზუგდიდის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო

571

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეიდან 25 მაისის ჩათვლით „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს შევსებული განცხადება შეუძლიათ მიიტანონ საკრებულოში ან გააგზავნონ ელექტრონულად.

განაცხადის ფორმას და რეკომენდებული ნარგავების სიას საკრებულო აქვეყნებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა „მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 90 პროცენტით.

საწყის ეტაპზე, თითოეული პროექტის ღირებულებაზე დაწესდა ზედა ზღვარი 10 ათასი ლარის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 ათასი ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

საკრებულოში აცხადებენ, რომ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ის საამისოდ უნდა დაუკავშირდეს საკრებულოს.