ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

488

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს. კენჭისყრაში 25-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ენმ-ის წევრებმა. მომხრე იყო ამდენივე დეპუტატი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.

გიგა ფარულავა პროფესიით სამართალმცოდნეა.

ის მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის ივლისში დაინიშნა. თანამდებობა 2021 წლის 30 მარტს დატოვა. მანამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვების სამსახურის უფროსი და საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიგა ფარულავა პარტია “საქართველოსთვის” დაასახელა.

კანდიდატურები არ წარმოუდგენია ენმ-ს და “ქართულ ოცნებას”.

კენჭისყრამდე, მმართველი პარტიის და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, თაზო ფაცაციამ მიმართა გახარიას პარტიის წარმომადგენელ გიგა ფარულავას, რომ ის უკვე გაიგივებულია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წლების განმავლობაში ხელყოფდა ადამიანების სიცოცხლეს, ქონებას.

“ამიტომ მენანები გიგა”, – აღნიშნა თაზო ფაცაციამ.

თავის მხრივ, თაზო ფაცაცის სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა “დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ. მისი თქმით, ის “სამარცხვინო” დეპუტატია, რომელიც “ცოცხების აქციას” უწევდა ორგანიზებას და მოქალაქეებს ცოცხებით ხვდებოდა.

მანვე ასევე შეახსენა თაზო ფაცაციას, რომ თავის დროზე თავად “ოცნების” წარმომადგენლები იცავდნენ გახარიას და ყველგან მის პლაკატებს აკრავდნენ.

მარიამ სიჭინავას მსგავსად, “ოცნების” წარმომადგენლებს, პარლამენტარმა ანა წითლიძემ შეახსენა, თუ როგორ ხვდებოდნენ ისინი აქციაზე მიმავალ ოპოზიციის მხარდამჭერებს ცოცხებით.

სხდომას ესწრება ბაჩანა შენგელია, გარდაცვლილი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, რომელმაც მანამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ-ს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი გახარიას პარტიის წარმომადგენელს თავმჯდომარის პოზიციაზე, რადგან ამ პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას უშუალო დავალებით ხორციელდებოდა დანაშაულებები მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მათ შორის აღნიშნა დედის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტიც.

“მე მიმაჩნია, რომ გახარია, მისი პარტიის წევრები არიან ქვეყნის მტრები. ამ რეგიონს გახარიამ უბედურება მოუტანა. მისმა ბრძანებამ შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხარდაჭერა არის ქვეყნის ინტერესებისთვის გაუმართლებელი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მე ვთხოვ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროს მხარი”, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

თავის მხრივ, გიგა ფარულავამ განმარტა, რომ დღემდე ცდილობს ყველა პარტია “საქართველოსთვის” დააზიანოს, ებრძვიან, მაგრამ უშედეგოდ.

“საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არასწორია მისი გაიგივება “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რასაც მოწმობს მისი წარსული და დაემოწმება სამომავლო საქმიანობაც.

“რაც შეეხება ჩემს პასუხიმგებლობას, გარწმუნებთ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის ის, რომ გადავდგა ის ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან იყო, რომ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ახალი ძალა, ახალი ენერგია”.

სხდომას ენმ-ის და “საქართველოსთვის” წარმომადგენლები სრულად ესწრებიან. “ქართული ოცნებიდან” არ არის 4 წევრი. ისინი, როგორც უხუცესმა წევრმა, კონსტანტინე უბერმა განმარტა, კორონავირუსის მიზეზით არ იმყოფებოდნენ დარბაზში.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია “საქართველოსთვის”.

ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ ირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს.

ზუგდიდამდე, გახარიას პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოების თავმჯდომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში.