კორონავირუსის გამო, კასპის საკრებულოში ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს

1163

2020 წლის 5 მაისს კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. დაცვის წევრებმა მედიის წარმომადგენლები შენობა არ შეუშვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

დაცვის წევრების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საჭიროა ჯანმრთებლობის ცნობის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჟურნალისტებს კორონავირუსი არ აღენიშნებათ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ნონიაშვილის მცდელობა, ჟურნალისტებს შენობაში შესასვლელად დახმარებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლეონიძის თქმით, მსგავსი ბრძანება ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.

“როგორც ჩანს, ეს იყო ზედმეტი სიფრთხილისა და თვითშემოქმედების შედეგი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიაა და, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამშრომლები და ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვიმუშაოთ. შენობაში სულ ორი ადამიანი ვიყავით. დაცვის წევრები გაფრთხილებულები არიან, რომ პირბადის ა და დამცავი საშუალების გარეშე, შენობაში არავინ შემოეშვათ. მე როგორც მითხრეს, ჟურნალისტების ნაწილი პირბადის გარეშე შემოდიოდნენ. რაც შეეხება განცხადებას ცნობის თაობაზე, ამაზე ჩვენც გაოცებული ვართ, რატომ უთხრეს, ვერ ვხდები,” – ამბობს დავით ლეონიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ჯავახიშვილისთვის საერთოდ არაა ცნობილი, რომ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს:

“თქვენამდეც დამირეკა ერთმა გოგონამ და მკითხა, რა ცნობაა საჭიროო?. მე ეს ამბავი პირველად მესმის. მსგავსი დავალება ჩვენ არ გაგვიცია, წარმოადგენა არ მაქვს ამ ამბის შესახებ,” – აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

საკრებულოს წევრი, ნუგზარ ნონიაშვილი თვლის, რომ გუშინდელი ფაქტი საკრებულოს სხდომის დახურვას ემსახურებოდა.

“მე საკრებულოს წინაშე გარკვეული წინადადებებით ვაპირებდი წარდგენას. პირველ რიგში, ის საკითხია სადავო, რაც ახლა გააკეთეს. სოფლის რწმუნებულები და მათი სპეციალისტები გადაიყვანეს შტატში, ისინი ამ დრომდე ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ აყვანილები. ფაქტობრივად, 48 ადამიანის ხელშეკრულება გააუქმეს და გადაიყვანეს შტატში, ანუ შტატები დაამატეს მერიაში. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, ვხედავთ, რომ ის კვოტა გამოთავისუფლდა, რაც მერიას ხელშეკრულებებით აყვანილ პირებთან დაკავშირებით ჰქონდა. საარჩევნოდ ისინი ამ გამოთავისუფლებულ კვოტას აქტივისტების დასასაქმებლად შეავსებენ,” – განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ასევე სურდა გაეჟღერებინა სხდომაზე ის საკითხი, რომ საბავშვო ბაღებში გამოთავისუფლებული თანხები მშობლებისთვის ვაუჩერების დასარიგებლად გამოიყენონ:

,,კორონავირუსის გამო, ვხედავთ, რომ საბავშვო ბაღები არ მუშაობენ. არ იხარჯება, დენი, გაზი, გამოთავისუფლებულია საკმაოდ დიდი თანხა. ამიტომ, ჩემი წინადადებაა, რომ ეს თანხა გათვალისწინებულ იქნეს ვაუჩერებზე. მშობელი ამ ვაუჩერით მივა მაღაზიაში და რაც სურს, იმას წამოიღებს. ახლა როგორ ხდება იცით? მერია მისთვის სასურველ კომპანიას ურიცხავს თანხას და მოსახლეობამდე ისეთი პროდუქტები რიგდება, კაცმა არ იცის, რა ფასად, შეიძლება არც ჭირდებოდეს,” – განმარტა ნუგზარ ნონიაშვილმა.