ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში, გარეგანათების ქსელის მოწყობა 2020 წლის იანვრის პირველ კვირაში დასრულდა, მას შემდეგ ადგილობრივები განათების ჩართვას ელოდებიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საირმეში 37 გარეგანათების ბოძი 2019 წლის დეკემბერში დაიდგა. მთლიანი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენედრში გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2020 წლის 10 იანვრამდე ჰქონდა.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები დეკემბერშივე დაასრულა, თუმცა განათება უკვე მეოთხე თვეა არ ჩართულა:
„ყველა სამუშაო დაასრულეს დეკემბერშივე. მას შემდეგ, უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა, განათება კი დღესაც ჩართული არაა. ყველაფერი მზადაა მხოლოდ ჩართვა ესაჭიროება. რწუნებულს ვესაუბრეთ და გვითხრა კომპანია, რომელსაც ევალება შუქის ჩართვა, სამუშაოდ ვერ გამოდისო“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ გარეგანათებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საირმეში გარეგანათების ჩართვა საგანგებო მდგომარეობამ შეაფერხა, მას შემდეგ კი, რაც შეზღუდვები მოიხსნება, ჩართავენ
„კომპანია, რომელიც აკეთებდა ამ ბოძებს, დაასრულა სამუშაოები. შემდეგში, ენერგო-პრო ჯორჯიას ჰქონდა 60 დღის ვადა, რომ ჩაერთო განათება. ამ ვადაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, ვერ მოხერხდა, რომ დასრულებულიყო ჩართვა. რადგან ახლა განახლდა სამუშაოები, დაასრულდება და ჩაირთვება“, – აცხადებენ ადიგენის მერიაში.
სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, საირმეში გარეგანათების ქსელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს გუნგლმა გააკეთა. გარეგანათების საერთო სიგრძე 1 427 მეტრია და აქ 37 გარეგანათების ბოძი დაიდგა.
ტენდერი საირმეს გარეგანათების ქსელის მოწყობასა და მეზობელი სოფლის ჭელას განათების ქსელის რეაბილიტაციაზე 2019 წლის ნოემბრეში ერთდროულად გამოცხადდა, მათი საერთო ღირებულება 31 471 ლარია. თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.