ბათუმში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში შესახლებული 75-მდე ოჯახი დენის გათიშვას აპროტესტებს

571

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებული 75-მდე ოჯახი დენის გათიშვას აპროტესტებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

აქციის მონაწილეების თქმით, კორონავირუსის პრობლემასთან დაკავშირებით შესახლებულთა უმეტესობა სოფლებში გაიხიზნა, აქ მყოფ ოჯახებს კი საერთო მრიცხველი აქვთ. მოქალაქეების თქმით, მათზე არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ გავრცელდება, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული ელექტროენერგიის სუბსიდია.

სახლში 50-მდე ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან რამდენჯერმე მოხდა გადავადებაზე შეთანხმება, მაგრამ დღემდე დაგროვდა სამი თვის დავალიანება. ამიტომაც იძულებული გახდნენ ელექტროენერგია გაეთიშათ. ამჟამად დამატებით გაიმართება მათთან კონსულტაცია.

ცნობისთვის, პირველ აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ატიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გეგმის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.