ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის ამდენი კითხვა “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის დისკომფორტია, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შეზღუდვის არსებობა საკმაოდ გამართლებულია და მან შედეგები გამოიღო , – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. კომენდატის საათმა შედეგები გამოიღო ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებმა – ფრენების შეჩერებასა და ავტომანქანებში 3-კაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, “კომენდანტის საათის” შემთხვევაში საკითხი ძალიან მარტივად დგას – ის არის ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.
„”კომენდანტის საათმა” მოგვცა შესაძლებლობა, შეგვემცირებინა მობილობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვეკავებინა ადამიანების გადაადგილება ჯგუფებად, ოჯახებად, ნათესავებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან იმ პერიოდში – საღამოობით, რაც გართობის დროდ მიიჩნევა. საღამო არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გართობის მიზნით ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, დადიან ნათესავებთან, მეგობრებთან ჯგუფებად. “კომენდანტის საათის” შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია. არავინ თქვას, რომ თუ დღეს “კომენდანტის საათი” მოიხსნება, ცდუნება არ ექნებათ, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ. გარდა ამისა, ეს ე.წ. ბირჟების და თავყრილობების პრევენციისთვის ძალიან მნიშნელოვანი მექანიზმია. ამიტომ მესმის, რომ დისკომფორტია, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია და ამას არ ვიყენებთ მხოლოდ ჩვენ, ისევე, როგორც ავტომანქანებში 3-კაციან შეზღუდვას და 3-კაცზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვას არ ვაწესებთ მხოლოდ ჩვენ. ამას იყენებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და გაცილებით მკაცრი რეგულაციებით“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.