გორში პარკირების სამსახური, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს განაახლებს მუშაობას

1456

მაისის ბოლოს გორში პარკირების სამსახური მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანიშვილმა განუცხადა.

გვიანიშვილის თქმით, ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, პარკირების სამსახურმა მუშაობა მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა.

“საგანგებო მდგომარეობის გამო, პარკირების სამსახური არ მუშაობს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს განახლდება მუშაობა და ჩვეულ რეჟიმში დაიწყება ყველა იმ წესის ამოგქმედებას, რასაც პარკირების სამსახური გულისხმობს“, – ამბობს ბაჩანა გვიანიშილი

ინფორმაციისთვის, გორში პარკირების სისტემა 2019 წლის 10 ივლისს ამოქმედდა. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო აღნიშნული სამსახური დაახლოებით ერთი თვეა არ მუშაობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.