სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გემა შეიმუშავა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.