საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად 80 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

614

დღეს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. კერძოდ, გამოყოფილი სახსრებით, მოხდება ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.
მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით საქართველოსთვის დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მოიზიდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.