ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა

861

ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროები ბანკის პროცენტის სესხის სუბსიდირებით სარგებლობენ.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებოდა ეპიდემია, ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადადგა. ეს იყო ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რაც ამ ბიზნესებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო, 4 თვით გადავადდა. მცირე სასტუმროებისთვის ცალკე პაკეტი მოქმედებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე 3 ათასამდე მცირე სასტუმრო არის დარეგისტრირებული და სარგებლობს ამ დახმარებით, რაც გულისხმობს 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ამას ჩვენ ვახორციელებთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. დამატებით, ყველა იურიდიული პირისთვის საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა გარკვეული პერიოდით. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი 600 მლნ ლარის ოდენობით, საბანკო სისტემის გავლით ისევ ბიზნესისკენ წარიმართება, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს ამით იმიტომ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ და კვლავ საბანკო სესხების ხელმისაწვდომობაა, რადგან გაიზარდა რისკები, შემცირდა შემოსავლები და ბიზნესი ისე მარტივად ვეღარ აიღებს სესხს,“ – განაცხადა თურნავამ.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი – ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.