მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრმა მიკროგრანტების პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ პროგრამით სავარაუდოდ, 5 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.
„კიდევ ერთი პროგრამა, სადაც განახლება შევიტანეთ, არის მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო და დღემდე 6 000-მდე ოჯახმა ისარგებლა ამით. ესაა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ყველა ოჯახმა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად ცხოვრობს. გავაოთხმაგეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი – 10 მილიონი ლარი გვქონდა და ახლა 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თითოეული გრანტის მოცულობა კი 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ და ის თანადაფინანსება, რომელიც მოთხოვნილი იყო და უნდა მოეტანა თვითონ ბენეფიციარს, 20%-დან 1%-მდე შევამცირეთ. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ამ პროგრამით სულ მცირე სოფლად მცხოვრები 5 000 ოჯახი ისარგებლებს. პრიორიტეტი მიენიჭება ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, – აღნიშნა თურნავამ.
24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.