თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქმედი ცხელების ცენტრი გაუქმდა

1850

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქმედი ცხელების ცენტრი აღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ონლაინ ფორმატში არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან წარდგენილი ანგარიშის დროს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისმა სამსახურებმა და მედიკოსებმა ერთობლივად მიიღეს.

“კახეთში ეპიდსიტიუაცია არის სტაბილური და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ დროისთვის კახეთში სამი ცხელების ცენტრი განაგრძობს მუშაობას: თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში. ერთი ცხელების ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება მედიკოსებმა მიიღეს, რადგან ამდენი ცენტრის ფუნქციონირება სიტუაციიდან გამომდინარე არ იყო საჭირო”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, კახეთში “ცხელების კლინიკებად” ოთხი სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია:

  1. თელავი – სს “ევექსის ჰოსპიტლები”; მისამართი: თელავი, სეხნიაშვილის ქუჩა N1
  2. თელავი – შპს “თელავის რაიონული საავადმყოფო”; მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქუჩა №2;
  3. ლაგოდეხი – შპს “არქიმედეს კლინიკა”; მისამართი: ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა;
  4. საგარეჯო – შპს “ჯეო ჰოსპიტალს”; მისამართი: საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №13

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.