ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

744

ლენტეხისა და ცაგერის შემდეგ, რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციია ავრცელებს.

პროცესს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე გაეცნენ და ექიმებს მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.

თერმოსკრინინგი ამ ეტაპზე რეგიონში ათასობით მოქალაქეს ჩაუტარდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ გამოვლენილა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.