გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარულმა ბაზარმა დღეიდან მუშაობა განაახლა.
გორის მერიის ცნობით, სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. ბაზარში მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, სატვირთო ავტომანქანები კი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ღია აგრარული ბაზრის მომსახურეობით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. არსებული წესების გათვალისწინებით ისინი ობიექტზე პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. მისივე განმარტებით, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე მაქსიმალურადაა დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები.
“ბაზრის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნულია შესაბამისი ნიშნებითა და მითითებით. COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მკაცრად კონტროლდება მომხმარებელთა ნაკადი და დადგენილი წესების დაცვა. ხორციელდება ასევე სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ინტენსიური დეზინფექცია.” – აღნიშნავენ მერიაში.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.
შეგახსენებთ, 24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. 27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული”.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.